პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ბატონი ბიძინა აუცილებლად იქნება აქციაზე, ეს არის მისი სურვილი. ის დაესწრება აქციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ მოუწოდა ყველას, პატივი სცენ აქციის მონაწილეებს.
"დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან დიდი აქცია. ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს აქციის თითოეულ მონაწილეს. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში და ახლა კონტრაქცია ხომ არ არისო? კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ. თავისი სახელი ერქმევა, ეს არის „ქართული ოცნების“ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა აქციაზე, დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია. გამჭვირვალობის ინტერესს რუსული ინტერესი არ ჰქვია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.