ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„საუბედუროდ, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენს ვითომ ოპოზიციას, ამ გაუგებარ ხალხს, რომლებიც, მხოლოდ, ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის ერთ--ერთი მთავარი პრობლემა. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი. ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? გრძელდება ოკუპაცია და ესეც არის წინა ხელისუფლების „დამსახურება“. სამწუხაროდ, ქვეყანას აქვს ეს დიდი პრობლემა მოსაგვარებელი. მე არ მესმის დისკუსია ამ თემაზე, როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივართ წინ. მინდა, კითხვა დავუსვა ყველას? როგორ წარმოუდგენიათ, მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, გაუფორმეს პირდაპირ რუსებს, ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და უბედურება მოუტანეს ქვეყანას. არავითარი თეორიული შანსიც კი, არ იარსებებს, დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს „ქართული ოცნება“, საერთოდ წარმოუდგენელი იქნება მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ფიქრი. „მცოცავი ოკუპაცია“ არის შედეგი იმ უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.
...მეც მინდა, რომ დღეს, ძალიან მალე ქვეყანა გახდეს ერთიანი, ძლიერი, თავისი ძლიერი შეიარაღებით, მათ შორის ბირთვული სახელმწიფოც გახდეს, მაგრამ ეს დღეს ამაზე საუბარი ხომ არარეალისტურია? ბევრი იდეა გვესმის, მაგრამ, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან და შესაბამისად, დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. მთავარი თემა არის შემდეგი: ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ოჯახის წევრებსა და შვილებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან, განადგურებისგან და უბედურებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.