საქართველოს პარლამენტის სასახლეში 15 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

14 აპრილი 2024, 22:27 272 ნახვა

საქართველოს პარლამენტი, ხვალ, 15 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. 

 

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან, მხოლოდ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, პარლამენტი, ხვალიდან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში