"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული.
"არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე ორი შემთხვევა იყო, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, რომ გამოაქვეყნონ ანგარიშები, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კეზელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუქნციონირებად დემოკრატიაში უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე სხვათა შორის გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს.
"ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიციები მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება, შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. რაიმეს არასწორად თუ ვამბობ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის, შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება.
გამომდინარე აქედან, შესაბამისი დისკუსია თუ წარიმართება, რაც პირველ წელს, ამ კანონის პირველი განხილვისას არ მომხდარა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.
"ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს. ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში.
"საქართველოსა და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში და ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ფედერალურ კანცლერს მისი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულ მომენტში გაუწია, რაც გასული წლის დეკემბერში აისახა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.