დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა როდესაც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა, ახლა საინტერესოა იმ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა.
„სასამართლომ იმსჯელა ამაზე, იყო გამჭვირვალე პროცესი და განაჩენიც დადგა. ახლა არის ერთი საკითხი, როგორია პოზიცია იმ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის, რომლებიც ერთხმად ესხმოდნენ თავს ქართულ მართლმსაჯულებას, მათ შორის, ბრალდების მხარეს და ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა უნდოდათ, აპირებენ თუ არა, ბოდიში მოიხადონ სასამართლოს მიმართ საკუთარი პოზიციის გამო? უკვე ვნახე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია, რომლებიც ზუსტად იმავე მეთოდით იწყებენ ქართული მართლმსაჯულების ძირის გამოთხრას, რაც მათ ჰქონდათ „რუსთავი 2-ის“, „მიხეილ სააკაშვილის“ „მელიას“ საქმეებზე, რომ გამოეცხადებინათ პოლიტიკურად. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში შემდეგ მტკიცდებოდა, რომ ისინი იყვნენ მტყუანნი. ამიტომ, ახლა კითხვა მიემართება მათ დონორებს, ამ დონორებმა ახლავე უნდა შეაჩერონ ანტისახელმწიფოებრივი და სასამართლოსთვის ძირის გამოცლის მცდელობა, ვინაიდან ახლა უკვე მათი ბრალი იქნება, როდესაც იმავე წრეზე წავლენ – სასამართლოზე თავდასხმა, სახელმწიფოზე თავდასხმა. ბოლოს ეს საქმეც, შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს. სტრასბურგი იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მისი ბრალმდებლები – მტყუანი. ამასობაში გაივლის 2-3 წელი და კიდევ იქნება ცილისწამების კორიანტელი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა, „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა შეაჩერონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.