სასამართლომ შუახევში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

11 აპრილი 2024, 16:45 677 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, შუახევში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების მიზეზად, მოწმეებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსნებთ, 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, ქალს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი