კონკურენციის სააგენტომ გასულ წელს ყველაზე მეტი ჯარიმა ფარმაცევტულ კომპანიებს დააკისრა

11 აპრილი 2024, 14:15 354 ნახვა

2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოკვლევის მიმართულებით კომპანიებს ჯამში 58 419 983 ლარის ჯარიმა დააკისრა, - ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილი - 53 მლნ ლარი კი ფარმაცევტულ კომპანიებზე მოდის.

როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს, სააგენტომ რვა მოკვლევის საქმე დახურა, საიდანაც გამორჩეული იყო სამი შეთანხმებული ქმედების თემა - ფარმაციის, საწვავისა და ონლაინ ბილეთების ბაზარზე.

მაგალითად, ფარმაცევტული ბაზრის საქმეზე, სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეთანხმებულ ფასები ჰქონდათ.

კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევისთვის, სააგენტომ ამ კომპანიებს ჯამურად 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა: „ავერსი“ – 14 402 425 ლარი; „გეფა“ – 20 349 336 ლარი; „პსპ“ – 17 094 872 ლარი; „მერმისი“ – 951 301 ლარი.

რაც შეეხება ნავთობკომპანიების საქმეს, საკითხი ეხებოდა 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მიზეზი ხუთი კომპანიის კოორდინირებული ქმედების ქმედება იყო. ამ შემთხვევაში სააგენტომ კომპანიები ჯამურად ოთხ მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კერძოდ: შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – 1 073 998 ლარი; შპს „რომპეტროლ საქართველო“ – 987 886 ლარი; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ – 719 310 ლარი; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 693 576 ლარი; შპს „ლუკოილ ჯორჯია“ – 450 590 ლარი.

რაც შეეხება კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის საქმეს, სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება გამოავლინა. საქმის ფარგლებში როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს – სამ კომპანიას, ჯამურად, 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ. ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ („სადისტრიბუციო კომპანია“, შპს „კავეა საბურთალო“ შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“) – 1 120 562 ლარი; შპს „თინეთს“ (100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC-ს) – 544 328 ლარი; შპს „ელ.ბილეთებს“ (მომჩივანი) – 5 368 ლარი. სამივე შემთხვევაში კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს“, - აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი