9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება - პრეზიდენტი

09 აპრილი 2024, 15:20 413 ნახვა

9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება - ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულებს ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე. ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას ვერაფერი დაემუქრება.

 

ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა "გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც გააკეთა კომენტარი. მისივე შეფასებით, ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.

"ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. დღეს, ხვალ და ზეგ ვერავინ, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს. არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა, გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს არჩევანია ან დამოუკიდებლობა, ან დამონება. ან ევროპა, ან რუსეთი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში