ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა, საკითხი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში.
"მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო ყველა ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს შემდეგი წინადადებით, რომ ყველამ დაასახელოს თითო წარმომადგენელ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ზოგადად, წესი არის, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობის და ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლობა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციიდან არ არის საკმარისი წარმომადგენლობა, შეიძლება, ეს ბალანსი არც იყოს დაცული. მივმართავ ოპოზიციას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კომისიის ამოცანა არის საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში, შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა. საზოგადოებისგან აზრის მოსმენა.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, ოპოზიციას განსაკუთრებით, რომ ჩაერთონ და დაასახელონ თითო წარმომადგენელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ ერთი კვირა, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს, ამავე დროს მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ, შევქმნით საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება ერთი თვე, რომ ჩაატაროს შეხვედრები. ბოლოს უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოახსენებს პარლამენტს, რა არის შედეგები ამ განხილვების და უკვე პარლამენტი კომიტეტების და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს ამ კანონპროექტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა გუნდმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები 25 მარტს წარადგინა.