„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი, ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით - პრეზიდენტი

03 აპრილი 2024, 17:53 607 ნახვა

მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აღარ აქვს არც ეროვნული და არც ევროპული.

„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი „რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული...

 

დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ.

 

„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, პასუხი უზრდელობაზე, უხეშობაზე და შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და მიმართულება, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა.

"ქართულმა ოცნებამ“ ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა.“არა” - იუსტიციის რეფორმას. „მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო“. „არა“ - სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში...

ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს. ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოო, და ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს „ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნითო საარჩევნო უბანსო“...

„არა” - ქალების უფლებებს და „არა“, იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს, პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.

არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება.

ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა.

რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან.

პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა...

არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა, უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი.

ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა. ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. რაც არ ნიშნავს პარტიების მაინც და მაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობა ევროპაზე. ამ დროშას ბოლომდე დავიჭერ და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებზე. ვერაფერი უზამს ამ გეგმებს თუ ხრიკებს, რასაც დღეს „ოცნება“ ატრიალებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში