საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2024 წლის სამი თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9 პროცენტით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია. სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, სამი თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2024 წლის სამი თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 365.2 მილიონი ლარი (გეგმის 130%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 105.9 მილიონი ლარი (გეგმის 112%); შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 74.7 მილიონი ლარი (გეგმის 135%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 7.4 მილიონი ლარი (გეგმის 100 %)“, - აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.