თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია - ჰერჩინსკი

27 მარტი 2024, 13:45 404 ნახვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ცესკო-ს დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინკის თქმით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში.

„კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.

„ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ, გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად.

ჩვენ მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი