დღეს ჩვენ გვაქვს საამაყო ქართული სასამართლო, კეთილი ინებონ და პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2024, 14:35 339 ნახვა

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი, ყოველგვარი, უცხოური ჩარევებისგან, - ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით - ქართული სასამართლო. ქართული ინსტიტუცია, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტი საქართველოს მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის მიხედვით და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. საერთოდ რაზე არის საუბარი. ზოგადად, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი, მათი კეთილსინდისიერება ვინ შეამოწმა, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?! ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისი გამოცდილება, 20-30 წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ.

 

მე შევახსენებ ამ კრიტიკოსებს, რომ 2012 წელს რომ მოვედით ხელისუფლებაში, მათი პირდაპირი ინსტრუქცია და რეკომენდაცია იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ, მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები. ჩვენ აბსოლუტურად არ გავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე, 300-მდე მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს, თავად, მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში