გულწრფელად ვიმედოვნებ, საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა საქართველოც გადავიდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე - პაველ ჰერჩინსკი

22 მარტი 2024, 21:50 435 ნახვა

სერიოზულად ვემზადებით გაფართოებისთვის, სერიოზულად ვუდგებით ახალი წევრი ქვეყნების მოწვევას, ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან. გუშინ და დღეს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეკრება, ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. მათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, ისაუბრეს გაფართოებაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ სერიოზულად ვემზადებით გაფართოებისთვის, სერიოზულად ვუდგებით ახალი წევრი ქვეყნების მოწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის. ასე რომ, მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროგაერთიანების ლიდერები მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქაროს მზადება. მისივე თქმით, ლიდერებმა საქართველოს მოუწოდეს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, განახორციელოს ცხრა ნაბიჯი.

ჰერჩინსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა საქართველოც გადავიდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე.

„მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის. შესანიშნავი სიახლეებია ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, რადგან ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გამამხნევებელი სიტყვები საქართველოსთვის – ლიდერებმა საქართველოს მოუწოდეს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, განახორციელოს ცხრა ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა საქართველოც გადავიდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. დრო გადის და წინსვლაა საჭირო. საგზაო რუკა ძალიან ნათელია – ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და დავრწმუნდეთ, რომ დროს არ ვკარგავთ და მომდევნო რამდენიმე თვეში გვექნება საკმარისი პროგრესი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. როგორც ევროკავშირის ელჩი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმარის პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, რათა ლიდერებმა დადებითი სიგნალი მისცენ ამ ქვეყანას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვექნება პოზიტიური სიახლეები და ყველა მხარე სრულად გამოიყენებს იმ დროს, რომელიც დეკემბერში დაგეგმილი გაფართოების დიდ ევროპულ საბჭომდე დარჩა, რომ მივაღწიოთ საკმარის პროგრესს და საქართველოსთანაც გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას.

გასული წლის ნოემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ე.წ. ცხრა ნაბიჯთან ერთად. მე თუ მკითხავთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, გთხოვთ, გადახედოთ ცხრა ნაბიჯს. ეს მხოლოდ ერთი გვერდია. ძალიან ნათელია, შავზე თეთრით წერია, რა არის გასაკეთებელი და რას ველოდებით. ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი