ე.წ. ბანანის საქმე - ბრალდებულმა ჩვენება მისცა

21 მარტი 2024, 14:10 403 ნახვა

„ექსპერტიზის დასკვნა არ არის ავთენტური და მტკიცებულებები გაყალბებულია” - ამის შესახებ ბანანზე 16 წლის ლუკა აბულაძის დაღუპვის საქმეზე მთავარმა ბრალდებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან  დაადასტურა, რომ 4 ივლისს  ახალგაზრდა  ბიჭები  მცურავი საშუალებით გაასეირნა, თუმცა დღეს ირწმუნებოდა, რომ  მცურავ საშუალებაზე უსაფრთხოების წესი დაცული იყო და საფრთხე არავის ემუქრებოდა. მისივე მტკიცებით, დაღუპული ლუკა აბულაძე ე.წ. ბანანზე არ იჯდა. ბრალდებულმა თითქმის ყველა წარდგენილი ბრალი უარყო. 

მან სასაცილო უწოდა ერთ-ერთი მთავარი, არასრულწლოვანის  ჩვენებას, სადაც  მოწმე აცხადებდა, რომ  მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ე.წ. „ბანანზე“ მჯდომი  ახალგაზრდები ზღვაში გადაყარა, საცურაო ჟილეტი წაართვა და  მიატოვა.  ბრალდებულის  მტკიცებით, ე.წ. ბანანზე მჯოდმმა ახალგაზრდებმა   თავად არ ისურვეს  საცურაო ჟილეტის ჩაცმა და მათ უსაფრთხოდ გაცურეს სანაპირომდე.

ზურაბ საღინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის მიმართ, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 16 წლის ლუკა აბულაძე კიდევ სამ არასრულწლოვანთან ერთად ზღვაში კატერზე გამობმული ე.წ. „ბანანით“ გაიყვანა და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდო.

სამმა მოზარდმა სანაპირომდე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ  მომდევნო კვირაში გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში