არჩევნების მესამე დღე რუსეთში - ერთპიროვნული დიქტატურის ფონზე ვლადიმერ პუტინის რეჟიმი უკონკურენტოა, თუმცა კრემლის წინააღმდეგ პოზიცია სხვადასხვა გზით არაერთმა მოქალაქემ დააფიქსირა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტების საქმეზე: საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობისა და საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების გამო.
დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. პროტესტში ძირითადად ქალები მონაწილეობენ. შაბათს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა 21 წლის ალექსანდრა კარასიოვა, რომელმაც წინა დღეს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა სკოლის შენობას, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.
დივერსიების ფონზე მიმდინარე არჩევნების მეორე დღეს, ცესკოს მონაცემებით აქტივობამ 58 პროცენტს გადააჭარბა. კენჭისყრა ასევე მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ. რუსეთის ზოგიერთ რეგიონში უკვე დაიწყო საპროტესტო აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ”.
ამასთან კვლავ ყურადღების ცენტრშია რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები, რომლებსაც დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ჰპირდება.