სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლების მოთხოვნა, მისი რეჟიმის მსხვერპლთა და საერთოდ, ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, - ასე შეაფასა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნისას, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული განცხადებები.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „სისტემური წამებისა და ძალადობის მთავარი არქიტექტორი და შემოქმედი იყო“.
„მსურს გამოვეხმაურო, წინა კვირას, სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს: კონკრეტულად, ევროპარლამენტარ - ანნა ფოტიგას, რომლის მოსაზრებით, „სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ის ციხეში მოკვდეს“. ეს ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა იმ ფონზე, როცა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა სასტიკი დარბევის დროს და იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისას. მოგვიანებით, ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ჩაიგდო ხელში ბადრი პატარკაციშვილის ქონება დანაშაულებრივი გზით.
ასევე, სატელევიზიო ეთერებში ვიხილეთ სასიკვდილოდ განწირული ვალერი გელაშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ სააკაშვილის დავალებით.
ცინიზმია, როდესაც სააკაშვილის მიერ მილიონამდე ლარის გაფლანგვის ბრალდებას „პიჯაკების“ საქმედ მოიხსენიებენ. ამ დანაშაულს დოქტორ დოდთის საქმე უფრო შეეფერება, რომელიც სააკაშვილისთვის მკბენარე მასაჟების გასაკეთებლად, საპრეზიდენტო ბორტით, გერმანიიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოაფრინეს. ცნობილი მასაჟისტი თავის დოკუმენტურ ფილმში აღნიშნავდა, რომ მოხიბლული იყო სააკაშვილის დაცვის წევრებით, რომლებიც მის კაპრიზებში ფულს არ იშურებდნენ.
გირგვლიანის საქმეში ევროსასამართლო აცხადებდა, რომ გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებსაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ახორციელებდა იმ მიზნით, რომ ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო (იგულისხმება სააკაშვილი, რომელმაც მკვლელები შეიწყალა).
არ დაგვვიწყებია, რომ სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის იდეამ იმსხვერპლა და გააუბედურა ათასობით ადამიანი. გვახსოვს, როდესაც სააკაშვილის სისტემა, მორგში, პატიმრებს გვამებზე აბამდა. არაადამიანურ პირობებში ყოველწლიურად სასჯელს იხდიდა 25 000 ადამიანი, ხოლო პრობაციის ქვეშ იყო - 200 000-ზე მეტი. გარდა ზემოთ აღნიშნული დანაშაულებებისა, ის იყო სისტემური წამებისა და ძალადობის მთავარი არქიტექტორი და შემოქმედი. ამასთან, უტყუარადაა დადასტურებული სააკაშვილის მიერ არაჟნის კონტეინერით სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი.
სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლების მოთხოვნა, მისი რეჟიმის მსხვერპლთა და საერთოდ, ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა“, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.