ისლანდია და საქართველო იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების - განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმესი მდგომარეობასა და გამოწვევებზე, როგორიცაა ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება. ეს პერიოდი ასევე და ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესორის და აგრესიის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავის ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც ნატო-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების. ერთად განვიხილეთ, ამ მხრივ, შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.
ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა: ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც რუსეთი აცხადებს როგორც პროექტს და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოანესმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.