საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც მმართველი პარტია პარლამენტს ორ კვირაში წარუდგენს, განხილვის საგანია. კანონპროექტის შემუშავების მიზეზი, როგორც ამას „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და ლგბტ პროპაგანდის გაძლიერებაა, ინიციატივის მომზადება კი პრევენციულ მიზანს ისახავს.
საკითხზე განმარტება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულ მაგალითებზე და მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პოპულარიზაციას მოჰყვა. ამბობს, რომ პროპაგანდის შედეგები საერთაშორისო კვლევებით დასტურდება.
უმრავლესობა აანონსებს, რომ კანონპროექტი, რომელზეც ინიცირებამდე დისკუსია ღიაა, სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის მეორე მუხლთან. ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განურჩევლად მათი განსხვავებების, შეხედულების თუ ორიენტაციისა.
ოპოზიცია საკითხის შინაარსის განხილვაში არ შედის. მმართველი გუნდის შეთავაზების მიუხედავად, მათი ოპონენტების უმრავლესობა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას არ აპირებს.
ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს აქტიური და აქტუალური არ არის და ამ თემაზე დისკუსია რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება.