ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85 პროცენტიანი მხარდაჭერა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში ცდილობენ ეს მაჩვენებელი დაწიონ.
„მე მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში. ეს პირველ რიგში დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ჩვენი მოწოდებაა დაგვეხმარონ იმისთვის, რომ დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. დღეს ეს მაჩვენებელი 85%-ია და ვიღაცები ხელოვნურად ცდილობენ დაწიონ ეს მაჩვენებელი. ამას აკეთებენ ევროპარლამენტში. რატომ და როგორ ეს ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, მაგრამ არ მინდა ამაში შევიდეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა.
პრემიერის განცხადებით, არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში.
ის ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით, 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარდა. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც 2022 წელს იყო და რაც ვიხილეთ, მაგრამ იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, - განაცხადა კობახიძემ.