ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც არის, ევროპარლამენტმა დაამტკიცა. დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში გამოხატულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა. დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას; მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად.
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო. კერძოდ, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განთავსება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეუფერხებელი წვდომა მიანიჭოს; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობები და გააფართოონ მისი მანდატი; ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ტერმინი „ოკუპაცია“, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი დადგენილებებითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებით, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც უკანონოდ არის ოკუპირებული და რუსეთის ეფექტურ კონტროლქვეშაა.