ყურადღებით ვაკვირდებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ყურადღებით აკვირდებიან.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ პოლიტიკაში პირადი ინტერესი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება.
„დეოლიგარქიზაცია ნიშნავს გადაჭარბებული პირადი ინტერესის გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს იქნება მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც შემოთავაზებულია ხელისუფლების მიერ. ეს არის ძალიან ინკლუზიური სისტემური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვიმედოვნებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება ძლიერი პირადი ინტერესი პოლიტიკაში.
სამუშაო გრძელდება. მოხარული ვარ, რომ საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა. რამდენად სწრაფად გადავალთ შემდეგ ეტაპებზე, მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია. შემიძლია, ისევ და ისევ ვიმეორო, რისი ნახვა გვინდა. ეს არის ეროვნული ერთიანობა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში, რაც ნიშნავს მმართველი უმრავლესობის ნაწილის ინკლუზიურობას და ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომას. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ზურგი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, როგორც გასულ დეკემბერს აღვნიშნეთ კანდიდატის სტატუსი, ამ დეკემბერს აღვნიშნავთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ, ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ, მოგცეთ რჩევები, მაგრამ საქმე თავად ქართველებმა უნდა შეასრულონ“, – განაცხადა ჰერჩისნკიმ.
მისივე თქმით, შთამბეჭდავია პრემიერის მიერ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელის არჩევა.
"მოხარული ვარ, რომ პირველად, საქართველოს წარმომადგენლები ესტუმრნენ ევროკავშირის სათავო ოფისებს. ჯოზეფ ბორელმა ხმამაღლა და ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული, რომ იმუშაონ ამ კარში შესასვლელად. ყველამ იცით ცხრა ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით პროცესს.
ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მოეწვია ეუთო/ოდირ-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა საქართველოს დემოკრატია უფრო გაძლიერდეს, საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი შეძლებისდაგვარად სწრაფად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.