ოპოზიცია ვეღარც კი საუბრობს არჩევნების დღეზე, მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი - პაპუაშვილი

20 თებერვალი 2024, 14:31 306 ნახვა

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომ ოპოზიციამ შეწყვიტა საუბარი არჩევნების დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს დიდი მუშაობა დასჭირდა, რათა მოეფიქრებინათ ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა. პაპუაშვილის განცხადებით, ელექტრონულმა მთვლელებმა ამ დისკუსიას წერტილი დაუსვა.

"ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე. მარტო იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას დაუსვა წერტილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირველესი ინტერესია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი.

"რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ჩვენი უპირველესი ინტერესია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ საბაბიც კი არ ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გაიმეოროს იგივე, რაც გააკეთა 2016-ში, 2020-ში, როდესაც ბოიკოტს უცხადებდა შედეგებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი ინტერესი. დღეს მე მქონდა შეხვედრა NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან, მათ შორის მქონდა ამ საკითხებზეც საუბარი და მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მისიები, რომლებიც დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ გასულ წლებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში