თუ "ჰამასი" 10 მარტამდე მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი რაფაჰში იერიშს დაიწყებს - ბენი განცი

19 თებერვალი 2024, 10:03 498 ნახვა

თუ ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი მძევლები მომდევნო რამდენიმე კვირაში არ გათავისუფლდებიან, მაშინ ისრაელი გააფართოებს ოპერაციას სამხრეთ ღაზაში და ქალაქ რაფაჰში შევა - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

"მსოფლიომ და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ - თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, მათ შორის რაფაჰში“, - აღნიშნა განცმა.

როგორც განცი აღნიშნავს, ისრაელი თავდასხმებს კოორდინირებულად დაიწყებს და ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად ეცდებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოსახლეობაში.

ბოლო 24 საათში, ისრაელის ავიაციამ რაფაჰზე მორიგი იერიში მიიტანა. არიან დაღუპულები. ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შედეგებზე ინფორმაციას "ცაჰალიც“ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში, ისრაელის ჯარმა „ჰამასის“ რამდენიმე პოზიციას დაარტყა, შეიარაღებული პირები გაანადგურეს და დაჯგუფების კუთვნილი იარაღი ამოიღეს.

ამავე დროს, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ნასერის საავადმყოფო, რომელიც ღაზის სექტორის უმსხვილესი მოქმედი სამედიცინო ცენტრი იყო, აღარ ფუნქციონირებს.

ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ამ კლინიკაში ჰყავდა "ჰამასს" მძევლები. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელმა საავადმყოფოს პერსონალის დიდი ნაწილი დააკავა და ამჟამად 200-ს პაციენტს მხოლოდ 25 ადამიანი უვლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში