ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ - დავითაშვილი

12 თებერვალი 2024, 12:14 482 ნახვა

დაიგეგმა ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ახალი შემადგენლობით ინტენსიურად იმუშავებენ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ისაუბრეს მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. 

„როგორც იცით, დღეს ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ზოგადად მთავრობის მუშაობის პრინციპებზე. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი კობახიძეს დაკავებული თანამდებობები. ვფიქრობ, ჩვენ გველოდება ინტენსიური წელი, ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა საინტერესო, ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმების და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება.

შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა ყველა ამ მიზანს მივაღწიოთ. ასე რომ, ჩვენ დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე, ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულებასთან ერთად, გამჭვირვალობაზე. ეს თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მაგრამ დღეს ასევე იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მათ შორის მედიასთან ურთიერთობა იქნება მეტი და ინტენსიური“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი