კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებული ძლიერი სამთავრობო გუნდით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.
"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია. უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატებები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, უსაფრთხოების მეტად გაძლიერება.
"ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური სისტემების გაძლიერება, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდების მიმართულებით. ბუნებრივია, ასევე საჭიროა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების მეტად გაძლიერება. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის სხვა შესაბამისი მექანიზმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.