მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისთვის რესურსები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, უსაფრთხო ადგილზე სტიქიის ზონაში მცხოვრები 296 ოჯახია გადაყვანილი.
"გასული კვირა იყო ძალიან მძიმე ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. მალევე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები და შესაბამის მონაკვეთებზე აღდგა საავტომობილო მოძრაობა.
400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.