პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციაშიც.
"რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.
გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის.
მისივე განცხადებით, სამთავრობო გუნდთან ერთად ისინი ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. თუმცა, აქაც ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც აბსოლუტურად რეალისტური ამოცანაა. მთავარია, რომ ამ ყველაფერზე აქტიურად ვიმუშაოთ.
ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები“, - მიმართა კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრებს.