ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

10 თებერვალი 2024, 14:02 455 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

"მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

 

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

დამატებით შეტყობინებების სისტემების შეძენასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გვიან ღამით, ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში