იმისთვის, რომ სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ხანგრძლივი სხდომის შემდეგ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გვიან ღამით გამოუცხადა, ამით კი ირაკლი კობახიძემ ასევე ხანგრძლივი საპარლამენტო საქმიანობიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა.
კობახიძის მინისტრთა კაბინეტს დარბაზში მყოფი 105 დეპუტატიდან მხარი 84-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 10 აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.
სამთავრობო გეგმის წარდგენის შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.