ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10-თვიან პერიოდს.
„ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის შეკრების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე ახალ, ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას, სადაც იქნება გაწერილი ახალი ინიციატივები, რომლებიც სწორედ ჩვენ საარჩევნო პროგრამას დაეფუძნება. საუბარია არსებითად იმ ღონისძიებების, ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, რომლებიც თავის დროზე, 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვქონდა გაწერილი და რომლებიც გაიწერა 2021 წლის სამთავრობო პროგრამაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესება.
„ ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, რადიკალურად შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. თუ 2020 წლისთვის საგარეო ვალი იყო 60%-ზე მეტი, 39,5 %-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 %- დან შემცირდა 2,5%-მდე. 5 პროცენტს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე ერთ პროცენტზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ ეს ოპტიმალური მაჩვენებლები, ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლები და, რა თქმა უნდა, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
უკვე დაწყებულია კონკრეტული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას, კომუნიკაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება გარემოს დაცვა. მისივე თქმით, ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რამდენად პრიორიტეტულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
ერთ-ერთ პრიორიტეტად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კულტურული მემკიდრეობის დაცვა დაასახელა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იზრუნებს კულტურული მემკვიდრეების შენარჩუნებაზე, საზოგადოების კულტურაზე ხელმისაწვდომობის, შემოქმედებით ინდუსტრიების გაძლიერებასა და ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების უზრუნველყოფაზე.