მივმართავ მომავალ პრემიერს, თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, ანტიევროპული რიტორიკა, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას - ზურაბიშვილი

06 თებერვალი 2024, 13:16 549 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ შეაფასებს მომავალ პრემიერს.

"მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

 

წარმოადგენთ თუ არა გეგმას: სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა. მისივე თქმით, საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან პასუხებს ელოდება.

"საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის. საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მათ აკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება.

„ჩემი საქმე არაა, გიბიძგოთ, ან გითხრათ, გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე, საზოგადოებასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევაში საზოგადოების როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.

"ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ უმოქმედობას და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან დიასპორის წარმოამდგენლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ  არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ.

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი