პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი, რომელიც დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა. მისივე თქმით, გამოწვევები შეეხო უსაფრთხოების სფეროს.
"სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში.
ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ იპოვა ძალა, რომ ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა.
" ძალაუფლება ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას.
სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას. ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება. „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობით საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს უბრუნდება.
მისივე განცხადებით, 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა.
"მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაცულები იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან. კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.