ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების მოწყობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ბრიფინგი გაიმართა პროკურატურაში.
გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. შემდეგ კი ამ ფულისთვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხები მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართეს, მათ შორის შეიძინეს უძრავი ქონება.
ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ.
შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ“.
დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და ფულის გათეთრება ბრალდებათ, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.