საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში სურსათში ფასები წლიურ ჭრილში 2.4%-ით არის შემცირებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურ ჭრილში 3.3%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების კლებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -15.9 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -11.3 პროცენტით გაიაფდა.
ფასების -9.0 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი -4.1 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები 19.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.1 პროცენტით გაძვირდა. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი);