სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან. გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოუთმენლად ველოდები მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალ მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.
„ვიცი, რომ დღეს იქნება გარკვეული განცხადებები, მიმდინარეობს პროცესი პარლამენტში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, ახლად დანიშნულ მინისტრებთან, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ კარი ღიაა, თუმცა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა განახორციელოს.
„სიტუაცია ძალიან მკაფიოა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველა ძალიან მოხარული ვართ. ჩვენი მხრიდან ამ გადაწყვეტილებით დავამტკიცეთ, რომ კარები ღიაა, მაგრამ, ასევე, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუციებით. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ ჩვენი ლიდერები ცხრა ნაბიჯს. ცხრა ნაბიჯის განხორციელება კი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს.
ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღების მიუხედავად, პარალელურად, ძლიერი სამუშაოები გაგრძელდება და ეს რეფორმები არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს იმისთვისაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით გათვალისწინებით“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე განმარტებით, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ და დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.
„ცხრა თვე დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არა მხოლოდ არჩევნების თარიღს, არამედ მთელ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება. არჩევნებზე დაკვირვება აუცილებელია. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვიოს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.