ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მითუმეტეს ახლა, როცა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.
არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს...
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. პრემიერად მუშაობის დროს გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, რომ ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.