ბოლო ერთი თვის განმავლობაში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლის და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით აჭარის გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 50-მდე განცხადება შევიდა.
გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე განმარტავს, რომ შესული განცხადება შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან დაფიქსირდა, ორივე მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყეს დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლა და რეკომენდაციების გაცემა. ფუტკარაძე განმარტავს რომ მიმდინარე წელს საცხოვრებელი სახლების და მიწის ნაკვეთების გეოლოგიური შესწავლა ნიგაზეულში, ოქროპილაურსა და ტაკიძეებში განხორციელდა, ასევე შეისწავლეს ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ გელაურის საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესი, აღნიშნულ ლოკაციებთან დაკავშირებით უკვე მომზადდა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტებს გადაეცა.
რეკომენდაციების საფუძველზე დამეწყრილ ტერიტორიებზე ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება ან ოჯახების ადგილმონაცვლეობა მოხდება.
აჭარის გარემოსდაცვით და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიურმა სამსახურმა გასულ წელს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში 3 ათას 798 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი შეისწავლა.