ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

26 იანვარი 2024, 18:58 448 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს.

პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი