საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

26 იანვარი 2024, 17:15 559 ნახვა

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს. დიდი პატივია, გიმასპინძლოთ კიდევ ერთხელ თბილისში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. გვქონდა ასევე თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები.

 

განსაკუთრებით მინდა გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტრადიციულად ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა. შეიძლება ასე ითქვას, დე ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ , - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

"სომხეთი საქართველოსთვის არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ამასთან, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი