სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტები გახსნა

23 იანვარი 2024, 11:07 421 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც „facebook”-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

"შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა.

 

მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვანის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

 

მოკლე დროში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.


საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა"-აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს „whatsapp” -ის საშუალებით გადაუგზავნა.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა"- განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

საზოგადოების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების და მათი პირადი ცხოვრების დასაცავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში აქტიურ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

ნებისმიერ დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის გამზირი, №16).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში