საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
მათივე განმარტებით, პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
"პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფმა ოჯახებმა პროგრამით სარგებლობა შეძლონ და სახელმწიფოსგან ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს თავადაც შეუძლიათ განაცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში, რასაც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.
"ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ ჩვენს მუნიციპალურ ცენტრებში. ასეთი ოჯახები სადაც არის, ყველა მუნიციპალიტეტში აღრიცხულია. ამის საფუძველზე ჩვენც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადების გაკეთება, რასაც შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მძიმე პირობებში მყოფი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად თანხები კონკრეტული მიზნობრიობით გამოიყოფა.
"ვინაიდან საარჩევნო წელია, არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა მთელი წინა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა, პროექტის დიზაინზე მუშაობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული, დღეს, უბრალოდ, ფორმალურად გაფორმდა, რადგან წელს უკვე იწყება ეს პროგრამა. შესაბამისად, არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო წელთან. ასეთი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად თანხები კონკრეტული მიზნობრიობით გამოიყოფა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.