საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ახალ 2024 წელს ულოცავს. პრეზიდენტმა ახალი წელი მოსახლეობას ორი ადგილიდან - ენგურის ხიდიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაწერილი ვიდეომიმართვით მიულოცა.
"გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს და გილოცავთ საქართველოს იმ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია. აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან, რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთს და დღევანდელ სტატუსმიცემულ საქართველოს.
გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას როგორც სახელმწიფო სიმბოლო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველას ერთიანობის სიმბოლოა - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის, მოქალაქეების, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველას სახლია, თქვენი სახელმწიფოა.
ჩვენ როცა ვამბობთ - ერთიანობა, ეს არის ის ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია. მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს – სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა. ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერი ზეწოლის ქვეშ. ჩვენ ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმით, რომ ეს არ განმეორდეს. არც ის გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე ჩვენი ერთიანობის, ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად, ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც მივხვდებით, რომ სხვადასხვა აზრის ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის, რაც უნდა ვისწავლოთ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლება, სამართლიანობაც გავამარჯვებინოთ. ამას გისურვებთ და მე ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად. გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.