სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს. საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციაზე პირების შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ ასე შემდეგ, ზურაბიშვილი არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მის საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სხვადასხვა პუნქტს რაც შეეხება, რომელიც ცხრა რეკომენდაციაშია, მათ შორის სახელმწიფო ინატიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე წინადადება იქნება, რა შეიძლება, ამ მხრივ გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე, გავაკეთებთ საკანონმდებლო დონეზე. ეროვნულ ბანკზე ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, ამ გადაწყვეტილების გამო ატეხეს ისტერია და ამ ისტერიების შედგები არის ხოლმე ეს გამოხმაურებები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რამდენად დამაზიანებელია ეს ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს გავლენას ახდენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განმცხადებით, საქმემ და გამოცდილებამ დაადასტურა, ხელისუფლება რასაც დაისახავს გეგმად და მიჰყვება ამ გეგმას, იძლევა შედეგს.
"სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმას, რომ იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება განხილული. რა იქნება გათვალისწინებული, რა არ იქნება გათვალისწინებული და რა იქნება შედეგი, ეს უნდა იყოს ამ სამუშაო ფორმატების განხილვის შედეგი. ამიტომ ჩვენ წინასწარ შედეგებს არ ვდებთ. ჩვენი სამოქმედო გეგმა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც განსაზღვრავს სამუშაო ფორმატებს, ვადებს და ვთავაზობთ მათ შორის ოპოზიციას, ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში. ვენეციის კომისიის დასკვნები, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საფუძველი და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.