ქობულეთში, 22 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ოქროს მოწმე, მკვლელობის ერთ-ერთი თვითმხილველი იკითხება

25 დეკემბერი 2023, 15:26 2173 ნახვა

სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოქროს მოწმე, ალექსანდრე ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, მკვლელობის მოტივი, სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი იყო, სადაც მოწმის ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი უტაქტო კომენტარებს აკეთებდა, რასაც ქაოსი მოჰყვა.

" მე, ლუკა და დათო სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავედით. დავინახეთ ალექსანდრე და გიორგი. ხელგადახვეული გავიდნენ ბაღჩისკენ. გავიგონე ყვირილის ხმა “კაი ბაჟუ”. ამ ხმაზე გავიქეცი მათი მიმართულებით, დავინახე გიორგი ნაკადულში იწვა და ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი კი ურტყამდა, ვყვიროდი გაჩერდი თქო. ამ დროს ლუკა და დავითიც მოვიდნენ. დავინახეთ რომ ალექსანდრეს დანა ჰქონდა, გავშეშდი, შოკში ჩავვარდი, გიორგი არ ინძრეოდა, ტირილი ამიტყდა.  ალექსანდრემ ისევ გააგრძელა დანის დარტყმა. გვითხრა სახლში ადით და ბებია დააწყნარეთო. ხელები, ტანსაცმელი სისხლიანი მქონდა. შევედი აბაზანაში და ხელები დავიბანე, რომ გამოვედი დამხვდა ბებია. ვუთხარით რომ გიორგი ტაქსით წავიდა. წარმოუდგენელი იყო ის რაც მოხდა. არ ვიცოდით რა გვექნა...

 

ალექსანდრე ელენესთან იყო დაახლობით 2 საათი ოთახში ჩაკეტილი, შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ არავისთან არ გვესაუბრა მომხდარზე და გვეთქვა, რომ ალექსანდრემ გიორგი წითელი ტაქსით გააცილაო...

 

ამ ლაპარაკში ამოვიდა გიორგი ბაჟუნაიშვილი თავისი ავტომობილით. გვითხრა რომ ქალაქში აპირებდა წასვლას და წავყოლოდით. ალექსანდრემ მითხრა დარჩიო, დავრჩი. ალექსანდრემ მთხოვა ბებიასთვის მიმეხედა, რომ გვამი არ ენახა. გამთენიისას 5 საათზე ალექსანდრემ გამაღვიძა. გვამი უნდა დამამარხინოო. გამოვედით გარეთ, დავინახე გვამი ,,ბრიზენტში'' იყო შეხვეული. გადავიტანეთ გვამი მანქანაში. შავი პარკები გვქონდა დაფენილი. ამ დროს გური ბაჟუნაიშვილი-ბაბუა გამოვიდა და ნაგავი გამოგვატანა. გვამი საბარგულში იყო. იმ ადგილის დამახსოვრება იმიტომ გამიჭირდა, რომ ღამე იყო და ვნერვიულობდი. წავედით ტყისკენ, ამოვთხარეთ მიწა...

 

ალექსანდრემ მითხრა, რომ არ უნდოდა გვამი მენახა. გადმოიტანა გვამი და დამარხა. დამარხა და გადაუარა ზემოდან. როცა ავედით სოფელში დათო და გიორგი ბაჟუნაიაშვილი დაგვხვდნენ. ალექსანდრემ უთხრა გიორგის, რომ ადამიანის გვამი დავმარხეთო, გიორგიმ თქვა რომ ალექსანდრე უნდა წასულიყო ლონდონში...

 

წავედით სარფის მიმართულებით, ,,შერატონთან'' როცა მივედით, დაურეკეს ქეთევან ხაჟალიას, ალექსანდრეს დედას.  ალექსანდრე და ელენე გადავიდნენ სარფში. ამის შემდეგ წავედი სახლში. დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს. დამირეკა გიორგი ბაჟუნაიშვილმა, მთხოვა ლუკასთვის და დათოსთვის დამერეკა. ავედით სოფელ ლეღვაში, ვერანდაზე. მე, ლუკა, დავითი და გიორგი. იქ დაგვხვდა გელა ბაჟუნაიშვილი და დავიწყეთ მოყოლა რაც მოხდა. ყველაფერი მოვუყევით რაც იყო. გელამ თქვა, რომ პოლიციაში წავსულიყავით და გვეღიარებინა დანაშაული. დათო ბაჟუნაიშვილიც ამ აზრზე იყო. გიორგი კი წინააღმდეგი. გვითხრა გვამი დაგვებეტონებინა ან კახეთში წაგვეღო ცხედარი და თავიდან მოგვეშორებინა, რასაც არ დავთანხმდით. მეორე დილით ისევ დაგვირეკა გიორგიმ. შევხვდით, გვითხრა არავისთან არაფერი თქვათ, ხალხი მყავს და დაალაგებენო, იმედი მქონდა, რომ ყვეაფერს დაალაგებდა"- აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, გიორგი ბაჟუნაიშვილი იყო თავი და ბოლო ყველაფერში. ამბობდა, რომ ალხანიშვილის დედისთვის დაგვერეკა და დაგვემალა დანაშაული.

გვამის დაწვას, ჩაბეტონებას ყველა ეწინააღმდეგებოდა გიორგის გარდა. გიორგი ბაჟუნაიშვილი ამბობდა, რომ შვილს ვერ გაწირავდა.

ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, 24 მაისს,  ერთ-ერთი შეხვედრის დროს გიორგი ბაჟუნაიშვილმა დანა ამოიღო და უთხრა რომ ის შვილზე უკეთესი არ იყო.

შეგახსენებთ, 18 მაისს ლეღვაში მკვლელობა მოხდა, 22 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სოფლის სტადიონის ტერიტორიაზე დამარხული რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული. სასულიერო პირი, გელა ბაჟუნაიშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. 

გელა და დავით ბაჟუნაიშვილებს გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ისინი მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ბიძები არიან.

გიორგი ბაჟუნაიშვილს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამას კი გამოძიება მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლას ედავება.

ლეღვაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამი პირი 26 მაისს დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დამნაშავემ ქვეყანა გამოძიების დაწყებამდე დატოვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში