ხელვაჩაურის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

21 დეკემბერი 2023, 14:50 538 ნახვა

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ლარზე მეტი იქნება. წინა წელთან შედარებით 10 მილიონით გაზრდილი მუნიციპალური ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაურის ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციას, ნაციონალური მოძრაობის წევრებს ჰქონდათ შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ისინი მერისგან ითხოვდნენ პასუხებს სხვადასხვა სოფელში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ოპოზიციის შეკითხვებს საპასუხო რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის წევრებისგან, რამაც დარბაზში ხმაური გამოიწვია. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტი დაამტკიცეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე.

სხდომის მონაწილე 21 დეპუტატისგან მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 15-მა მოიწონა, 6-ი წინააღმდეგი წავიდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სხვა საკითხებიც განიხილეს. მასზე დასწრება თავისუფალი იყო, თუმცა მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ დარბაზში არ შეუშვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში