პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო

19 დეკემბერი 2023, 11:17 481 ნახვა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი, დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადაცემას.

"აღნიშნულის სანაცვლოდ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული თანხის აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხვითა და თანხის გარკვეული ოდენობის კვლავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენითა და რეგისტრაციით, განახორციელა უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. შენიღბა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო და რეალური მესაკუთრე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.

მოქალაქეთა ნდობის მოპოვებისა და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, იგი სარგებლობდა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი