ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია - კახა კალაძე

15 დეკემბერი 2023, 18:40 516 ნახვა

ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მადლობა ყველას, ვინც კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს, ქართველ ხალხს, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში – თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამ ქალაქში ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, ისტორიულად, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები. თავისუფლება, კეთილდღეობა, თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპა გამოხატავს და რომლებიც ოდითგანვე თბილისური და ქართული კულტურის განუყოფელი შტრიხები იყო. მჯერა, რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია, გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა.

„ტრადიციებით ევროპაში“ და „ღირსებით ევროპაში“ არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ.

მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართული საზოგადოების ყველა თაობამ. კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, შვილებს, მომავალ თაობებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციით ყველაზე დიდი სარგებელი უნდა მიიღონ. საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოკრატიული გარდატეხა, რომლის გარეშეც ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ევროპელ დიპლომატებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. გისურვებთ, მალე გვეზეიმოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ვულოცავ კანდიდატის სტატუსს სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უხარია ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა “, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი