მივიღეთ გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსის მიუხედავად, პედაგოგებს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მათ პროფესიულ განვითარებაზე - ამილახვარი

12 დეკემბერი 2023, 14:48 654 ნახვა

კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სკოლის ავტონომიის პირობებში სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"მე როდესაც დავინიშნე აღნიშნულ პოზიციაზე, რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობდა, არსებობდა ცალკე კომისია, რომელიც ანიჭებდა სტატუსებს მასწავლებლებს, ასევე მიმდინარეობდა კონკურსი ე.წ. პორფოლიოების დაცვის პროცესი. მე მაშინ ვუთხარი პედაგოგებს და დარგში ჩართულ ადამიანებს, რომ დავაკვირდებოდით აღნიშნულ პროცესს, რომ სწორი დასკვნები გამოგვეტანა, ასევე კვლევით ცენტრს დავავალეთ ამ მიმართულების სიღრმისეული ანალიზი. მე ათიათასობით მასწავლებელს პირადად შევხვდი, ვისმენდი მათ მოსაზრებებს, გამოვიტანეთ შესაბამისი დასკვნა, რომ აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას.

კვლევებისა და გაკეთებული ანალიზის თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა, ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესი ებმევა, რადგან მას უნდა სახელფასო დანამატი. შესაბამისად, კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი. საუბარია მხოლოდ განვითარებაზე. ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფკავშირთან ერთად და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ჩვენ გვინდა, რომ ამ სქემის განახლებაზე დავიყოთ მუშაობა სახელფასო პოლიტიკის დამოუკიდებლად“, - განაცხადა ამილახვარმა.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე. მისივე თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონ ლარით.

"160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე.

მისივე თქმით, ეროვნული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახური ფასეულობების კუთხით.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი