იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განიხილა

11 დეკემბერი 2023, 20:52 399 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, მისი ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს კიდევ ერთ კანონპროექტს (საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“) რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილის და გურამ მაჭარაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი